მაშ, შენ ამბობ რომ არ ჰყოლია მტრები რუსთაველს,
არ გაქცევია სამშობლოდან სულთამხუთავებს
და რომ მარტოდენ უიმედო რტფობის ბრალია,
რომ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია…
იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:
თეიმურაზი
არჩილ მეფე
ვახტანგ მეექვსე,
საბა-სულხანი გამოაწყო ბერის კაბაში,
ძვალთშესალაგი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს
მამულს მოსწყვიტა სამუდამოდ გურამიშვილი
და ბარათაშვილს ამოჰხადა სული შიმშილით?
იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა ტყვია
ან სიყვარულმა ჰკრა მაჩაბელს ხელი-სამიწე
ან იქნებ იმას სიყვარული სახელად ჰქვია,
რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე?
არა.
ქართველთა გზა როდია ასე იოლი,
თვითმკვლელობაა დიდი საქმის ჩვენში დაწყება…
სარკმელს გააღებს ამღვრეული გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი
და ქვაფენილებს შურდულივით დაენარცხება…

