აქ ზიჩი იყო..გადავცხოვრდი აქედან, არ ინერვიულოთ, მეთვითონ გიპოვით^^

January 18, 2011

ნიჭი ძამიკო

Filed under: ლექსები — María @ 11:02 am

ლექსის მწერალი ხშირდება

სამწუხაროა რაიც!

რამდენი რამე სჭირდება

პოეტს, ჩვენს დროში მაინც!“ –

ეს კონსტანტინემ, იძრო რა

შაბათს, მწერლების ბაღში,

მგოსნებისაკენ ისროლა

განხეთქილების ვაშლი.

დიდოსტატები სწყალობდნენ

ბაღს, და აქ ისხნენ ხშირად,

სუროში შაშვი გალობდა,

რაღა თქმა უნდა, ფრთხილად.

სთქვა ბესო ჟღენტმაც: ,,მრავლდება

დღეს ლექსის მოწადინე,

ცამდის მართალი ბრძანდება

ბატონი კონსტანტინე“.

ცოდვილი ვაშლი გაგორდა

და, უკვე წასწვდნენ რადგან,

მათ დემნა მიუახლოვდა,

ასე ორ მეტრში დადგა.

ირაკლიმ ხელი ჩაჰკიდა

ბაღის ბოლოში სიმონს,

გოგლა ხიდს მოდგა გაღმიდან,

შემოუერთდა იმ ორს.

მესამე რანგიც მოხროვდა,

მეორე რანგის გარდა,

და დიალოგზე მოგროვდა

გამსახურდიას სკამთან.

,,ლექსის მწერალი ხშირდება,

ლექსი კი არ ჩანს მაინც!

რამდენი რამე სჭირდება

ნამდვილ პოეტს და რაინდს!“ –

საკითხი განსახილველად

და ვაშლი ცვირწინ ედოთ,

და სთქვა ირაკლიმ პირველმა,

ეს გახლდათ მისი კრედო:

,,პოეტი წლობით ღვინდება,

მართლა პოეტი თუა!

პოეტს იღბალი სჭირდება

და, რა თქმა უნდა, ჭკუა!

სიმხნე და გამჭრიახობა,

ფხიზლად განჭვრეტა დროთა!

სიბრძნე და პატრიარქობა –

ამას გვასწავლის შოთაც!“

არ დაეთანხმა ირაკლის

და იუარა გოგლამ,

,,სად სიყრმე ყირეყირა ჰქრის,

იქ სიბრძნემ ლექსი მოკლა!

პოეტს ჯერ სიმხნე სჭირდება,

მყვირალობა და ბუკი!

ლექსს ვინ მისცაო დიდება

გარაშე სიჭაბუკის!“

სიმონმა გოგლას ღიმილი

ჰკადრა და მოჰყვა სწრაფად:

,,პოეტს სჭირდება ტკივილი!

პოეტს სჭირდება ჯაფა!

სჭირდება ვცელი გზაშარა,

ბევრი წვა, ბევრი ფიქრი,

ინტელექტი და განსწავლა,

მწიგნობრობა და წიგნი!“

სუროში შაშვმა დასტვინა,

მზე შუბისტარზე იდგა,

ვრცლად აღარავინ არ ცდილა,

მოკლედ მრავალი ითქვა.

თან კვერს უკრავდნენ ირაკლის,

თან თაკილობდნენ თმობას –

მუხრანმა: ,,გრძნობა სიახლის!“

გრიგოლმა: ,,ფორმის გრძნობა!“

ალიომ ,,მხოლოდ იდეა!“

(კოლაუ იდგა განზე…)

კარლომ თქვა: ,,საქმე ჰკიდია

წერასთან ერთად ფხაზე!“

სთქვა მარგიანმა: ,,მარილი

მთავარიაო სვანში!“

სთქვა ნონეშვილმა: ,,ყვარელი

და სტუდენტობის ტაში!“

თავისთვის იდგა ჩრდილში,

არას იტყოდა ანა…

,,ნიჭი, ძამიკო, ნიჭი!“

გალაკტიონმა ბრძანა

September 10, 2010

ერთხელ

Filed under: ლექსები — María @ 9:57 pm

შემოდგომა თრთოდა ქარში, ამთქნარებდა ღამე თითქოს,
გავიგონე შენ მეძახდი, გავიხედე წვიმა იყო…
შემომიშვებ? მკითხა-მოდი! შემოდგომაც მოჰყვა მერე,
მარტოობის თამადობით ყველა ელდა ვადღეგრძელეთ.
იქ ზარნი და ქარიშხალნი მიჰყიოდნენ ჟამთა თოვას
აქ ვუსხედით სუფრას სამნი, მე, წვიმა და შემოდგომა…
და როდესაც მარტო დავრჩო, ციმციმებდა ღამე თითქოს
გავიგონე შენ მეძახდი, გავიხედე წვიმა იყო…

ლეგენდად დარჩეს!

Filed under: ლექსები — María @ 9:05 pm

გალაკტიონი
ტიციანთან ყოფილა უბრად,
ტიციანს
თავის პოეტებში ჰქონია სუფრა,
და იჯდა თურმე
ჩვენი დენდი საერთო ჯამთან –
უხორცო იყო,
ცოტას სვამდა და ცოტას ჭამდა,
გალაკტიონი
შემოსულა დუქანში იმ დროს,
მარტო დამჯდარა,
მარტოსული, და უთქვამს მარტოს:
არ მიუხმია
ის ტიციანს, არა და არა,
და ასე უბრად,
უხერხულად კარგა ხანს მსხდარან.
უცებ…(მახლობლად
პურს ნაჭამა რეგვნების ჯგუფი)
გალაკტიონთან
ერთ – ერთ რეგვენს მოსვლია ჩხუბი;
პოეტი მეფე
ვერც მიმხვდარა რატომ და რისთვის, –
უკადრებია
რეგვენს სიტყვა რეგვნული მისთვის…
აჰფეთქებია
აქ ტიციანს უეცრად დენთი,
წამოვარდნილა
ცვენი ლორდი და ჩვენი დენდი,
დაუდგამს ჭიქა,
შეუხსნია კისერზე ბანტი
და უხეთქია
რეგვნულ შუბლში რეგვნისთვის კვარტი.
და დარევიან
პოეტები ერთპირად რეგვნებს
და ჭახაჭუხი
შესდგომიათ ბოთლებს და ნეკნებს;
და როცა ჩვენი
ლომკაცები ბრძოლით დამძღარან,
დაუფრენიათ
თხებივით და ომი დამცხრალა,
“ტიტე, ძამიკო!”
შეშლილივით აყვირებულა
გალაკტიონი
და ორთავე ატირებულა…
ორპირის ფშანზე
გაზრდილ ბიჭებს უეცრად გული
ამოსჯდომიათ,
ხვევნა – კოცნა შექმნილა ძმური:
გადმოსცვენია
შვების ცრემლი ტიციანს მისით.
რაც ექნებოდათ
სამდურავი, იციან, ვიცით!
დიდი ბავშვები!
ამდგარან და დამსხდარან ერთად
და პოეზია
უთქვამთ პირველ საერთო ღმერთად.
პაოლოს გარდა
ამ საქმეში ყოფილა გოგლა,
ყოფილა სმა და
გადარევა ყოფილა ოხრად.
ეს ყველაფერი
მე მიამბო “არაგვში” გალამ
და, თუ ვუმატებ,
ანუ ვაკლებ, ან რამეს ვმალავ,
არამი იყოს
ის წარწერა: “სულით და გულით!”
იქ, იმ სარდაფში
მიღებული ღვინო და პური!
გული გულს იცნობს
ღონე ღონეს, მარჯვენი მარჯვენს…
ლეგენდად დარჩეს,
მეგობრებო, ლეგენდად დარჩეს!

სიყვარულის…

Filed under: ლექსები — María @ 9:01 pm

ჩვენ ხომ აქ ვმდგარვართ.ჩვენ ხომ აქ დიდხანს
(ჩვენ ხომ აქ ზოგჯერ, ჩვენ ხომ აქ ვითომ)
ოდესღაც ვმდგარვართ. თუ ვინმემ გკითხა,
თქვი, რომ ვიდექით ,და თხოვე, თქვითო
ყველასთან, ყველგან, რომ ჩვენ აქ ვმდგარვართ,
რომ ჩვენ აქ დიდხანს, ვითომ და ზოგჯერ
ვმდგარვართ ხეებად, მერე კი გვალვამ
დაგვახმო ანდა, უბრალოდ, მოგვჭრეს.
მაგრამ ჩვენ ვმდგარვართ – აქ, ამ მინდორში
ორი ხე, ერთად. მერე კი მეხი
დაგვეცა ციდან. ან გავითოშეთ
ზამთრის ყინვაში. ან კიდევ ხერხით
მოგვჭრეს და მერე
ღუმელში შეშად
დაგვწვეს და მერე
ზეცაში კვამლად
ავედინეთ და
იქ კიდევ ყვავმა
ჩაგვისუნთქა და
ნისკარტზე შერჩა
სიმლაშე ჩვენი სიყვარულის…იგრძნო იმწამსვე,
როგორ ჩაუწვა ხორხი ჩვენი სიტყვების ჭვარტლმა,
და დაიჩხავლა, და დაეშვა ქვემოთ, მიწაზე,
და როცა ხალხი დაინახა, უმატა ჭარტალს:
“ესენი იდგნენ, ორი ხე, ერთად,
ესენი მოჭრეს, ერთად, ორი ხე,
ესენი დაწვეს. და ახლა ყელთან
აღმენიშება მსუბუქი ჩხვლეტა
ამათი ჭვარტლის ყლაპვისაგან. და მსურს მოგიყვეთ
იმის შესახებ, თუ რად იქცნენ მას მერე, როცა
მოჭრეს და დაწვეს (სხვათაშორის, ორივე ლოცვავს
იმ დღეს, როდესაც მოჭრეს, დაწვეს) ისინი ახლა
აქვე ცხოვრობენ, თქვენს ქალაქში, თქვენსავით ხალხად
იწოდებიან; და თქვენსავით ისწავლეს კოცნაც,
საჭმლის კეთებაც, ფულის დათვლაც, ბუზების ხოცვაც,
ხოლო მე, ყვავი, ვიწოდები აწ უკვე ლექსად
და ყველას, თუკი მოისურვებთ, ჩემს ფრთებზე შეგსვამთ –
გადავევლებით მრავალ ქალაქს, მდინარეს, ფერდობს,
ბოლოს მიგაფრენთ იმ მინდორთან, სადაც თქვენ ერთ დროს
(სადაც თქვენ დიდხანს, სადაც ვითომ, და სადაც ზოგჯერ)
ორ-ორ ხეობით იდექით და, მერე კი, მოგჭრეს

ისე

Filed under: ლექსები — María @ 8:53 pm

ისეთი მარტო ხარ – გეცინება.
ისეთი დაღლილი – მიეჩვიე.
ძალაინ მარტივად – გეძინება.
ან იქნებ პირიქით – საეჭვოა.

თვალებში ჩაზრდილი გისოსიდან
ჟონავს შემოდგომის მიწურული.
აგიტანს სიცივე, მიცოცდები
რატომღაც ჯვარცმასთან… სისულელე!

ნებდები საკუთარ სისუსტეებს.
მარტო ხარ – ღმერთმაც კი მიგატოვა.
და მხოლოდ წვიმების ინსულტები
ტოვებენ ფანჯრებზე ჰემატომებს

მარტივი მოტივი

Filed under: ლექსები — María @ 8:52 pm

მირტებს ვუმარტოვებ მანტოს და მანტიას –
დაე ბედის ხაზებს პასუხი გაეცეთ!
ყველაზე მარტივი მოტივი მარტია,
თებერვლის ამარტ-არტს სადმე რომ გაექცე.

და მერე მარტიდან, წვიმების სეზონის
გარდაუვალობით გაწამებს ანანკე.
და არის აპრილი, უდაოდ, რეზონი
და მერე მაისი და მერე… მანამ კი:

ოთახში სიბნელე. სიბნელის ოთახში –
საგანთა ქაოსი. ქაოტურ საგნებში –
ყოვლად უსარგებლო ნივთების ზარდახშა.
ნაცნობი ანფასი, დაორთქლილ სარკეში.

კედელზე ნახატი – მილანი, ლა სკალა.
ფანჯრებზე არეკვლა, გერბერთა პროფილის.
და ღამის ზეწოლა – ცხრა გიგაპასკალი.
და მთვარე – სიგიჟის პერპეტუუმ მობილე.

უძილო თვალებში სამყაროს სიმრუდე.
და ერთფეროვანი დღეების რიგები
ქრებიან ერთბაშად, ასტრალურ ბერმუდში.
და ისევ თავიდან და ისევ იგივე…

და მერე მარტიდან, წვიმების სეზონის
გარდაუვალობით გაწამებს ანანკე.
და არის აპრილი, უდაოდ რეზონი
და მერე მაისი და მერე… მანამ კი:

მირტებს ვუმარტოვებ მანტოს და მანტიას –
დაე ბედის ხაზებს პასუხი გაეცეთ!
ყველაზე მარტივი მოტივი მარტია,
თებერვლის ამარტ-არტს სადმე რომ გაექცე.

ჩუმად! ნუ ყვირი!

Filed under: ლექსები — María @ 7:29 pm

ჩუმად, ნუ ყვირი! გაიღვიძებენ მკვდრები.
მე დილით საწოლიდან კი არა,
ჩეი სხეულიდან ვდგები.

მერე ვკითხულობ სიზმრებიდან
ყველაზე სკანდალურ აბზაცებს,
რომელიც სიცოცხლისთვის გამზადებს და
რომელიც სიცოცხლისთვის გამზადებს.
მერე აყვირდება გაზქურაზე
ჩემი დაჭეჭყილი ჩაიდანი
(შენ უცხო განცდა გეუფლება,
თითქოს რაღაც ცუდი ჩაიდინე).
ჩუმად! ნუ ყვირი! გაიღვიძებენ მკვდრები!
მე დილით საწოლიდან კი არა,
ჩემი სხეულიდან ვდგები.
ხედავ? მეორდება, მეორდება!
როგორ უსასრულოდ მეორდება,
როგორც ყველაფერი, ეს სტრიქონიც
უცვლელი სახით მეორდება.
და მეც უსასრულოდ ვიმეორებ,
რომ
გაიღვიძებენ მკვდრები,
რომ დილით საწოლიდან კი არა,
ჩემი სხეულიდან ვდგები,
რომ გუშინ ქუჩაში მიმავალ
ჩემს საკუთარ თავს შევეჩეხე,
რაღაც უცნაურად ემოსა და
ემოსა რაღაც შავი ჩოხა.
ალილუია! მეშინია!
ალილუია! მეშინია!
ალილუია! «მე» ჩემია.
ალილუია! «მე» შენია.
ძილი მსურს, ანუ: ჩემს სხეულში
ისე მყუდროდ უნდა მოვკალათდე,
რომ არ გავიღვიძო შემწვარი მზის
სხივის უკანასკნელ მორკალვამდე.
მოდის ფიქრი _ ჩემი საცოლე და
ამბობს, სანამ სათქმელს ავწონიდე,
რომ მკვდრებს არასოდეს ეღვიძებათ,
თანაც, როცა დგები საწოლიდან.

ჩუმად! ნუ ყვირი! გაიღვიძებენ მკვდრები!
მე დილით საწოლიდან კი არა,
ჩემი სხეულიდან ვდგები!

მეც ვიცი..!

Filed under: ლექსები — María @ 6:59 pm

კაცმა არ იცის, იცის ჭადარმა
ხემ და პოეტმა იციან მარტო
ქალი ქუჩაზე როცა გადარბის,
რატომ იცინის უმისამართოდ.

კაცმა არ იცის, იცის ღრუბელმა,
ცამ და პოეტმა იციან მარტო
ქალი წვიმაში რომ ილუმპება,
რატომ იცინის უმისამართოდ.

ყველა

Filed under: ლექსები — María @ 6:53 pm

მაშ, შენ ამბობ რომ არ ჰყოლია მტრები რუსთაველს,
არ გაქცევია სამშობლოდან სულთამხუთავებს
და რომ მარტოდენ უიმედო რტფობის ბრალია,
რომ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია…
იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:
თეიმურაზი
არჩილ მეფე
ვახტანგ მეექვსე,
საბა-სულხანი გამოაწყო ბერის კაბაში,
ძვალთშესალაგი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს
მამულს მოსწყვიტა სამუდამოდ გურამიშვილი
და ბარათაშვილს ამოჰხადა სული შიმშილით?

იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა ტყვია
ან სიყვარულმა ჰკრა მაჩაბელს ხელი-სამიწე
ან იქნებ იმას სიყვარული სახელად ჰქვია,
რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე?
არა.
ქართველთა გზა როდია ასე იოლი,
თვითმკვლელობაა დიდი საქმის ჩვენში დაწყება…

სარკმელს გააღებს ამღვრეული გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი
და ქვაფენილებს შურდულივით დაენარცხება…

საუკუნე

Filed under: ლექსები — María @ 6:48 pm

ღამე დედამიწას აყურადებს,
მთვარე თავზე ადგას დარაჯივით –
ყველას მიდგომა აქვს საკუთარი,
რიგი საკითხების გადაჭრისას.

და მეც, რა თქმა უნდა! მაგალითად:
ვმარცვლავ პეონების კრიალოსანს,
სახლში, კონსტრუქციის მონოლითურ,
ვცხოვრობ, თუ ცხოვრება ჰქვია, როცა

მთვრალი მცენარეულ ნაყენებით,
გული კი არ ფეთქავს – ბაქი-ბუქობს.
მტვერმა გამოჭამა საყრდენები,
ჩემი სისხლძარღვების აკვედუკებს.

თმაში ლითიუმი შემეპარა,
უფრო ლირიულად: ამ ბოლო დროს,
გახდა უმნიშვნელო ყველაფერი –
წლების ჰაშიშივით გაბოლებას

ისე მივეჩვიე, შემისრულდა
ოცი საუკუნე… და რა იცი,
იქნებ იყოს კიდეც დასასრული,
ყველა დასაწყისის პანაცეა?!

Next Page »

Blog at WordPress.com.